..

10639525_771337639579187_4637242258009177736_n

თუ მეცოდინება, რომ

სადღაც

ვიღაც

რაღაცნაირად გრძნობს ჩემს არსებობას..

თუ მეცოდინება, რომ

ვიღაცას, ჩემთვის უცნობს,

მაგრამ მაინც კარგად ნაცნობს,

ისევე ვჭირდები, როგორც მე მჭირდება,

დავივიწყებდი ყველაფერს,

რაც ხელს მიშლის პატარ-პატარა ბედნიერობების დანახვაში.

იმის მოლოდინით, რომ ერთ დღესაც

ჩემთვის კარგად ნაცნობ უცნობს შევხვდები,

უფრო ხშირად გავიღიმებდი,

უფრო მეტ დროს გავატარებდი ხეტიალში

და არ მენდომებოდა გამუდმებით ერთ ოთახში ჯდომა,

სადაც მუდამ თბილა და არაფერი ხდება.

რომ ვიცოდე,

გზაში ხარ..

რომ ვიცოდე,

შენც ისევე მეძებ, როგორც მე,

ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა.

ის, რაც ორმხრივია ყველაფერს აადვილებს, არა?

**

მიყვარხარ-ს დიდი ძალა აქვს.

მეც მიყვარხარ-ს კიდევ უფრო დიდი.

..

10438404_707442049326227_3662475665835762927_n

დიდი ხანია მინდა

სხეულიდან ამოვლაგდე.

სიტყვებად ვიქცე და

თეთრ ფურცელზე დავლაგდე.

თუნდაც უშინაარსოდ.

უაზროდ.

მთავარია ფურცელზე ჩამწკრივებულ სიტყვებში ვიპოვო

თავისუფლება

სიმშვიდე

სიყვარული

საკუთარი თავი.

ჩემი დროში გაყინული ცხოვრება დარწმუნებულია,

რომ მომავალი რაღაც გრანდიოზულს უმზადებს.

აბა, სხვას რას დავაბრალო ამდენი უარაფრობა?

ან რაღაც ძალიან კარგი უნდა მოხდეს,

ან პირიქით.

მოვიწამლე ოქტომბრით,

გადაყვითლებული ქუჩებით,

სახლით, სადაც მხრებზე სიცარიელემოცმული, ბუხართან ვზივარ და

რომელიღაც წიგნში გამალებით ვეძებ საკუთარ თავს.

იმას, ვინც დიდი ხნის წინ დავკარგე.

იმასაც, ვინც მომავალში უნდა ვიპოვო.

და, ვინ იცის, ვიპოვი კი?

**

თუ გინდა გადარჩე, უნდა წეროო.

მე გადარჩენა არა,

ჩემი თავის პოვნა მინდა მხოლოდ.

მეტი არაფერი.

 

 

წერილი 15 წლის მეს.

post-wallpaper-1600x900

 

დაწყება ყოველთვის მიჭირდა. ახლაც მიჭირს და არა მგონია, მომავალშიც შეიცვალოს ამ მხრივ რაიმე, მაგრამ, აი, უკვე დამიწყია და..

შენ ახლა 15 წლის ხარ. ნაცრისფერი სათვალეები მოგირგია და ცხოვრებას მხოლოდ ერთი კუთხიდან უყურებ. გგონია, არავის უყვარხარ, ყველგან ზედმეტი ხარ, გგონია არავის უნდა შენი გაგება და ამიტომაც, ყოველთვის და ყველგან ჩუმად ხარ, მაშინაც კი, როცა გულით გინდა რაღაც თქვა. უკვე საკმაოდ დიდი ვარ საიმისოდ, რომ გითხრა, ცხოვრება დედამიწასავით მრგვალია, შესაბამისად კუთხეები არ აქვს, თავისუფლად შეგიძლია ერთი ადგილი ასწიო მაგ ფეხებმონგრეული ხის სკამიდან და მის გარშემო მოგზაურობა დაიწყო. ერთ ადგილზე დგომით ან ჯდომით ვერაფერს მიაღწევ.

ხალხმრავლობის გეშინია, ამიტომ ყოველთვის თავდახრილი, სწრაფი ნაბიჯებით დადიხარ. ამ მხრივ არაფერი შეიცვლება, 20 წლისასაც ისევე გეშინია ადამიანების, როგორც 15 წლისას. გეშინია, მაგრამ მათ მაინც გულუბრყვილოდ ენდობი. გჯერა, რომ ცუდის გაკეთება არ შეუძლიათ, მაგრამ 2-3 წელიც და ასე აღარ იფიქრებ. რატომ? ცხოვრების გარშემო მოგზაურობას რომ დაიწყებ, ყველაფერს მიხვდები.

ახლა 15 წლის ხარ. მუსიკა და წიგნები გიყვარს. მხოლოდ კითხვისას გრძნობ თავს თავისუფლად, მხოლოდ წიგნის ხელში აღება განიჭებს სიმშვიდეს და მხოლოდ მუსიკა გივსებს სიცარიელეს, რომელსაც, რატომღაც ყოველთვის გრძნობ. ეგ სიცარიელე მალე შეგევსება. ჯერ არ იცი, რომ სიცარიელეს სიყვარულით ივსებენ ადამიანები, მაგრამ სულ რაღაც ერთი წელი და შენც გაიგებ რას ნიშნავს, როცა გიყვარს და უყვარხარ. იმასაც გაიგებ საყვარელი ადამიანის დაკარგვა რას ნიშნავს. ტკივილის გემოსაც ისწავლი, ოღონდ ეგ ტკივილი იმას კი არ ჰგავს, მგელობანას თამაშისას რომ წაიქცევი და ფეხს იტკენ. სულის ტკივილი უფრო მწარე და ძლიერია. მის მოშუშებას წლები დასჭირდება, მაგრამ ეგეც გაივლის. გულიც მოგიშუშდება და სულიც, მაგრამ მალე ისეთი სიცარიელე დაისადგურებს შენში, რომ ის ტკივილი სანატრელი გაგიხდება, რადგან დამიჯერე, სიცარიელეს ისევ ტკივილი სჯობს.

რომ დაიბადე, უთქვამთ, ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადაო. ამ სიტყვებს მომავალში ბევრჯერ გაიხსენებ და მათს სიმართლეში მრავალჯერ დარწმუნდები. ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათანობით აიხდენ ყველა ოცნებას, მაგრამ ასახდენიც ბევრი დაგრჩება (მათ ახდენაზე მერე ვიფიქროთ ჩემამდე რომ მოაღწევ). სკოლას დაამთავრებ. ახლა მეგობრების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია, ასე გგონია, მათ მიღმა სხვა სამყარო არ არსებობს. არ დამიჯერებ, მაგრამ ამ საკითხზეც მალე სხვანაირად იფიქრებ. შენდაუნებურად დრო ყველას წაშლის შენი ცხოვრებიდან და მხოლოდ იმათ დატოვებს, ვისაც მართლა შეუძლია მეგობრობა. ამას მაშინ გაიგებ, როცა იმ ადამიანთან შეხვედრისას უხერხულად და უცხოდ იგრძნობ თავს, ვის გარეშეც ახლა არსებობა ვერ წარმოგიდგენია. მაგრამ არაუშავს. ეგეც გაივლის.

უამრავ შეცდომას დაუშვებ. არც ტყუილს დაიშურებ სხვებისთვის და გულის სატკენადაც ბევრჯერ გაიმეტებ ადამიანებს. ზოგჯერ ერთს რამდენჯერმე გაუყენებ ამ გზას, მაგრამ შეცდომებზე სწავლობენ და შენც ისწავლი. ისწავლი, რომ სიმართლე, როცა იქნება და როგორც იქნება, თავს მაინც გამოიჩენს. ისწავლი, რომ ტყუილის თქმას ყოველთვის სიმართლის მოსმენა სჯობს. ერთ დაუფიქრებელ ნაბიჯს რომ ათასი პრობლემა მოყვება უკან, ამასაც მალე გაიგებ.

დროთა განმავლობაში უფრო ჩუმი გახდები. უფრო ხშირად მოგინდება ადამიანებისგან გაქცევა. მარტო ყოფნას იმ დონემდე მიეჩვევი, რომ ადამიანებს შორის ყოფნა ტკივილად გექცევა. არ ვიცი, ამ პერიოდს როგორ გადააგორებ, მაგრამ, ალბათ ეგეც ისევე ჩაივლის, როგორც ყველა კარგი თუ ცუდი პერიოდი შენს ცხოვრებაში.

ეცადე ნაკლებად განსაჯო სხვები ჩადენილი შეცდომების გამო. შენ თუ განიკითხავ, ისინიც განგიკითხავენ. სიჩუმე გიყვარს და ეცადე ის ადამიანებთან ურთიერთობაში გამოიყენო. შენს ფეთქებად ხასიათს წვიმა მოუვლინე ხოლმე  :)  მოთმენა ისწავლე. სხვების აზრსაც ნუ მიაქცევ ზედმეტ ყურადღებას. ენა უძვლოა ამბობენ და შენც ნუ გაიფუჭებ ნერვებს.

არასოდეს დაკარგო საკუთარი თავი და მისი რწმენა.

მეტი რა გითხრა.

მე თუ რამე გამომრჩა, ცხოვრებას მაინც არ გამორჩება ;-)

ასე რომ, წარმატებები!

 

 

 

 

შენ – ჩემი ზე.. მე – შენი მარიამ გვირილა..

შენ იყავი ჩემი ზე.. მე შენი მარიამ გვირილა..

***

ვიცხოვრებთ აქედან შორს, ჩვენი ხელებით აგებულ პატარა კანუდოსში. ვიქნებით მხოლოდ ორნი. მე და შენ და შენ და მე. მე ვიქნები შენი გათენება, შენი მზის სხივი ან თავად მზე, შენი ჰაერი, შენი ბედნიერება, შენი ცისარტყელა, შენი წარსული, აწმყო და მომავალი. შენ იქნები ჩემი ქვეყნიერება, ჩემი სამყაროს ღერძი და თავად ჩემი სამყარო, ჩემი უკვდავების წყალი, ჩემი ცხოვრება.

გაღვიძებისთანავე ჩაგეხუტები და ყურში ჩაგჩურჩულებ – მიყვარხარ. პერანგს დაგიუთოვებ, ნამცხვარს გამოგიცხობ, ლიმონიან ჩაის გაგიმზადებ და სულ ცოტა ხნით გაგიშვებ, გაგიჟებამდე რომ მომენატრო და მოგენატრო. წახვალ და მაშინვე შენზე ფიქრს დავიწყებ. შენზე ოცნებას. დავითვლი წამებს, წუთებს, საათებს. შენ შუადღით დაბრუნდები და მინდვრის ყვავილების თაიგულს მომიტან. თმაში ჩამაბნევ ობოლ გვირილას და მაგრად, ძალიან მაგრად ჩამეხუტები. საღამოს მდინარის პირას ვისეირნებთ. ცხენებით ვიჯირითებთ (მერე რა, რომ მეშინია), დაჭერობანას ვითამაშებთ (მე ყოველთვის დამარცხებული ვიქნები), ჰამაკში ჩავწვებით და კიდევ ერთხელ, მემილიარდეჯერ ავუხსნით ერთმანეთს სიყვარულს. მერე, როცა შენს მკერდზე, შენი გულისცემით დამშვიდებულს ჩამეძინება, შუბლზე მაკოცებ და სიზმრების სამყაროში გადმოხვალ ჩემთან შესახვედრად.

დედამიწა იმისთვის შეიქმნა შენ რომ მყვარებოდი და შენ რომ გყვარებოდი. ერთმანეთი რომ გვყვარებოდა. ჩემი და შენი სიყვარულისთვის შეიქმნა სამყარო. ერთმანეთისთვის დავიბადეთ ჩვენც. შენ და მე. ცალცალკე. მაგრამ უკანასკნელ ამოსუნთქვასაც კი ერთმანეთს ვაჩუქებთ. ჩემ სიყვარულს არც დრო სჭირდება გამოსაცდელად და არც მანძილი. ჩემი შენდამი სიყვარული დროში განფენილი უსაზღვროებაა. შენით და შენთვის ჩაფიქრებული, შენამდე მოსასვლელად ახდენილი და დაუსრულებელი, როგორც გზა ან, როგორც სამყარო თავად. შენ ჩემი რელიგია ხარ, მე კი შენი ერთადერთი მიმდევარი. შენ მუსიკოსი ხარ, მე კი შენთვის დაწერილი მელოდია. შენ მკითხველი ხარ, მე კი ის წიგნი, რომლის წაკითხვაც მხოლოდ შენ შეგიძლია. შენ ხარ უკვდავება, მე კი უკვდავი ვარ უკვდავებისთვის.

***

შენ იყავი ჩემი ზე.. მე შენი მარიამ გვირილა.

2008

არ გეგონოს, რომ დამავიწყდი. არ იფიქრო, რომ არ მახსოვხარ. ტყვიების ზუზუნი მხოლოდ ახლა შეწყდა და შენი წერილებიც მხოლოდ ახლა წავიკითხე. ფურცლებს ჯერ კიდევ შერჩენიათ შენი თითების სითბო. შენი კანის სურნელს ვგრძნობ და წამიერად ისევ ვუბრუნდები სიცოცხლეს. დაცხრილული სული დროებით, მაგრამ მაინც გრძნობს შვებას. ახლა, ალბათ, ფანჯრის წინ ზიხარ, ზიხარ და ქსოვ. ორსული ქალის მუცელივით (შენი პატარა მუცელივით) გამობერილ ჭრელ ფარდას ღამის სიგრილე შემოაქვს ოთახში და კანს გიბურძგლავს. ალბათ, ჩემსა და ჩვენს სიგიჟეებს იხსენებ და გეღიმება. გაღიმებისას ისევ გიჩნდება ლოყაზე ორი პატარა ორმო. რომ იცოდე, როგორ მენატრები.

თურმე ომის სისასტიკეს მანამ ვერ წარმოიდგენ სრულყოფილად, სანამ მისი მონაწილე, მისი უზარმაზარი სხეულის ნაწილი არ გახდები. ჯარისკაცები მოსიარულე გვამებად ქცეულან. ჰაერს სიკვდილის სუნი აქვს, საჭმელს სიკვდილის გემო, წყალი წყურვილს კი არ გიკლავს, თავად გკლავს, კისერში გიჭერს ხელებს და ასე გგონია, წყალს კი არა, შენი თანამებრძოლების სისხლს სვამ, ახალგაზრდა, ჯერ კიდევ გამოუცდელი ბიჭების სისხლს. ამათ შემყურეს, ვეღარ გამირკვევია, სიკვდილი უფრო დიდი საშინელებაა, თუ სიცოცხლე. სიკვდილს უფრო მეტი ტკივილი მოაქვს თუ სიცოცხლეს. აქ სიცოცხლეც კი სიკვდილია, რომ იცოდე.

მინდა დაუსრულებლად ვიფიქრო შენზე. ახლა შენს გვერდით რომ ვიყო, მაგრად ჩაგიხუტებდი და აღარასოდეს აღარ დაგტოვებდი. რომ შემეძლოს სულ სხვა სამყაროში წაგიყვანდი, სამყაროში სადაც ოცნების კოშკებს არავინ ანგრევს, სადაც ცა შენი თვალების ფერია და სადაც სიცოცხლეს და ბავშვობის ოცნებებს ისევე უფრთხილდებიან, როგორც დედა უფრთხილდება და ინახავს გარდაცვლილი შვილის ხსოვნას.

აქ, საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან მხოლოდ სისასტიკეს დაინახავ. ქუჩები შეშლილი და ნამუსახდილი ქალების ხმით კივიან, ცეცხლწაკიდებული სახლები უსიტყვოდ ითმენენ ტკივილსა და დამცირებას, ეკლესიის ეზოში მზერაგაყინული ბავშვის სხეული მშობელს ითხოვს, სისხლგამშრალი ქართლის დედა დასტირის შვილთა არშემდგარ, დროზე ადრე შეწყვეტილ სიცოცხლეს. ერთი ბიჭი გავიცანი, სულ თავის შეყვარებულზე მელაპარაკებოდა, მომავლის გეგმებს აწყობდა, აქედან რომ გავაღწევ ჯერ მაგრად ჩავეხუტები, მერე კი მოვიტაცებო ამბობდა. გუშინ ტყვიების წვიმაში მოვყევით. დღეს ის შეყვარებულის ნაცვლად, ცივ მიწას ეხუტება, გულგახვრეტილი.

იცი, რას მივხვდი? სიკვდილი ადვილია, იმაზე ადვილი, ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო, გადარჩენა კი ბრძოლას მოითხოვს. ხანდახან  აუცილებლად უნდა დაკარგო რაღაც ან ვიღაც, რომ მიხვდე როგორი ძვირფასი იყო ის შენთვის. ახლა, როცა ასე ახლოს ვარ სიკვდილთან, ვგრძნობ, როგორი ძვირფასი გახდა ჩემთვის სიცოცხლე. აი ის სიცოცხლე, ომში ჩალის ფასი რომ აქვს. იცი რატომ? ამ სიცოცხლით შენ გიკავშირდები და კიდევ იმას, მალე შენს სიყვარულში რომ შემეცილება :)

მე მალე დავბრუნდები და ნანატრ გამარჯვებას მოგიტანთ ყველას..

ისე.

მხოლოდ ერთი, წინ გადადგმული, ნაბიჯი. მხოლოდ ერთი ამოსუნთქვა. მხოლოდ ერთი “ჰოპ” და ყველაფერს უსასრულობა წალეკავს.

***

რომ გეთქვა, წავალ, მაგრამ მალე დავბრუნდებიო, ზღვის პირას დავჯდებოდი და დაგელოდებოდი. დაგელოდებოდი აი ისე, ფეხმძიმე ქალი რომ ელოდება ომში წასულ ქმარს. ერთხელ მაინც რომ მოგეხედა უკან, ერთხელ მაინც რომ გეკოცნა შუბლზე, ერთხელ მაინც რომ გეთქვა მიყვარხარ, დავრწმუნდებოდი, რომ მხოლოდ ჩემი ხარ და სიკვდილსაც კი აღარ დავუთმობდი შენს თავს. სიჩუმე რომ დაგერღვია და მარტოობისთვის რომ არ გაგეწირე, ვიგრძნობდი, რომ მარადიულობაც არსებობს. საზღვრებში აღარ მოგაქცევდი არც შენ და არც საკუთარ თავს. ვირწმუნებდი, რომ სიშორეც შეიძლება ასე სასიამოვნოდ მტკივნეული იყოს.

..მაგრამ შენ წახვედი. უკანმოუხედავად და უსიტყვოდ. წახვედი არა შენ გამო ან ჩემ გამო. არა! წახვედი იმის გამო, რასაც გრძნობდი. იცი?! არ მეგონა ადამიანებს გრძნობებისაც თუ ეშინოდათ. არ მეგონა შენ თუ გეშინოდა რაიმესი. ახლა ხომ ვიცი, მაგრამ მაინც არაფერი შეცვლილა. ნეტავ შეგეძლოს, ჩემი თვალებით საკუთარი თავის დანახვა. ნარცისობისკენ გიბიძგებდი, ძალაუნებურად. დასაწყისი არ გქონდა და ვერც დასასრული მოგიძებნე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარადიული ხარ. შენც დასრულდები სადღაც, ჩემ შემდეგ და ჩემზე გვიან. მომავალ ცხოვრებაში კი ჩემზე ადრე გაახელ თვალებს. იმას რომ ხედავდე, რისი დანახვაც აუცილებელია და არა იმას, რის დანახვასაც გაიძულებენ, ყველაფერი გაცილებეთ უკეთ იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის. დრო კი გავიდა, მაგრამ უთქმელი სიტყვები ისევ დარჩა. შენ გრძნობ. მე ორმაგად. ვიცვლებით–მეთქი, როგორ გითხრა, ხომ არ მოგატყუებ. უბრალოდ, იმას რასაც ჩვენ საკუთარი თავის პოვნას ვუწოდებთ, სხვები შეცვლას ეძახიან. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

მგლოვიარე ქალივით თმაგაწეწილი ვდგავარ და შეშლილის თვალებით ვუყურებ სამყაროს, თუმცა შეშლილი არ ვარ. აბა რა ვარ? ეგოისტი ვარ. მშიშარა ვარ. მატყუარა ვარ. მოღალატე ვარ. მკვლელი ვარ. მეშინია საკუთარი თავის. ვატყუებ საკუთარ თავს. ვღალატობ საკუთარ მეს. ვკლავ მას. იცი ყველაზე მეტად რისი მეშინია? შენი დაკარგვის, თქვენი დაკარგვის. იმ ადამიანთა დაკარგვის ვინც მიყვარს და ვინც ძვირფასია ჩემთვის. იცი, რას ვფიქრობ? ნეტავ ვინმეს ჩემი დაკარგვის თუ ეშინია? ალბათ კი.. ალბათ არა.. რა მნიშვნელობა აქვს, თუ მაინც ყველაფერს ეგუებიან. მეც ყველაფერს შევეგუე, გარდა ტკივილისა, რომელიც შიგნიდან მღრღნის და ძალას მაცლის. ჰოო, არაუშავს. შევეგუები. დღეს ან ხვალ ან ზეგ ან.. ან.. ან ოდესმე.

ნდობა იცი რა არის? ნდობა სანთელია.

გრძნობა იცი რა არის? გრძნობა დროა.

დრო იცი რა არის? დრო ტკივილია.

ალბათ იცი..

ცხოვრებას ინსტრუქციები რომ მოყვებოდეს შეცდომებს აღარ დავუშვებდი. ვისწავლიდი აწმყოთი ცხოვრებას და არც უკან გავიხედავდი და არც წინ. არ მოგცემდი ჩემში არსებობის შესაძლებლობას. თვითმკვლელის შემართებით წაგიჭერდი კისერში ხელებს და.. მერე გაგიჟებული, ცარიელ სამყაროში დაგიწყებდი ძებნას. უშედეგოდ.

იცი, რას გრძნობს ის, ვინც ყველაფერს კარგავს? არაფერს.

იცი, ტკივილი რა ფერია? სისხლისფერი.

იცი, რას ნიშნავს დამშვიდობება? სიკვდილს.

შენ რომ გეთქვა, მივდივარ და არ დამელოდოო, თავქარიანი ბავშვივით ამოვიგლეჯდი გულიდან ქვეყნიერებას და ტრიალ მინდორზე დავიწყებდი ცეკვას. შენ რომ ის გეთქვა, რაც არ გითქვამს, წამებში მოვახრჩობდი ჯიუტ იმედს.

იცი ყველაზე მეტად რა არ მიყვარს? ლოდინი იმისა, რაც ხომ ვიცი, რომ ილუზიაა, მაგრამ მაინც ველი.

***

გაიქცა. ჰოოოპ. და გაქრა.

გა–ფრენა..

–        მითხარი..

–        რა?

–        მითხარი, რომ შენც გრძნობ..

–        რას?

–        იმას, რასაც მე ვგრძნობ..

–        შენ რას გრძნობ?

–        სიცოცხლეს..

***

ვერავინ ხვდება, რომ შენ თავად ხარ სიცოცხლე. ვერავინ ხვდება, რომ შენც შეგიძლია შეცვალო რაღაც, უკეთესობისკენ. ვერავინ ხვდება, რომ შენ გმირი ხარ. არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ქვეყნიერების, ადამიანობის გმირი. ვერავინ ხვდება, რომ შენ ჩუმად ქმნი რაღაც ახალს, ჯერ არ შექმნილს, არ არსებულს. ვერავინ ხვდება, რომ შენ მომავალი ხარ და, რომ წარმავალს არ შეუძლია ხელი შეგიშალოს. ვერავინ ხვდება, რომ შენ – შენ ხარ და, რომ შენც გაქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ვერავინ ხვდება, რომ შენც ისეთივე  თავისუფალი ხარ, როგორც ყველა დანარჩენი. ვერავინ ხვდება, რომ შენ ცოცხალი ხარ, ჯონათან. ვერავინ ხვდება..

ყველაფერი იცვლება, ჯონათან. იცვლება ყველა და ყველაფერი. ადამიანები, რომლებსაც ვიცნობ ან არ ვიცნობ და მომავალში გავიცნობ. ქუჩა, რომელზეც ვცხოვრობ. ქალაქი, სადაც დავიბადე. იცვლება დრო, რომელიც არასდროს არ მყოფნის და სამყარო, რომლისაც ასე ძალიან მეშინია. იცვლება მდგომარეობა და გარემო. იცვლება გრძნობები და მოგონებები. ყველა–ფერი იცვლება, ჯონათან.. ყველასთვის ყველაფერი იცვლება, ჩემ გარდა. მე ისევ იქ ვდგავარ, ლურჯი ზღვის პირას, ცხელ ქვიშაზე. ისევ გვირილების გვირგვინის გაკეთებას ვცდილობ, ისევ უშედეგოდ. ისევ ვფიქრობ იმაზე, რაც იყო და ისევ მიჭირს იმაზე ფიქრი, რა იქნება მომავალში. მე ისევ მჯერა პიტერ პენის და ისევ ისე მინდა ჩავეხუტე ღრუბლებში გაწოლილ მზეს. მე ისევ მჯერა, რომ მთვარეზე მელოდებიან და ისევ ისე მინდა კოსმონავტობა. შენ ხომ მასწავლი ფრენას, ჯონათან? მე ისევ მჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ პეპელა ვიქნები. ისევ მჯერა, რომ სიყვარულით შევძლებ ცისარტყელამდე ასვლას. მე ისევ ისე მჯერა, რომ ყველაფერი გენიალურად იქნება. ისევ ისე მჯერა, რომ უსასრულობას დავამარცხებ და ჩაგეხუტები. ჯონათან, ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი ირევა, უამრავი სახე ტრიალებს და უამრავი ხასიათი ბრუნავს. მარტო არასოდეს არა ვარ, მაგრამ მაინც მარტო ვგრძნობ თავს. შენც ხომ ასე ხარ, ჯონათან?  მაგრამ არა უშავს, ხომ იცი, გენიოსები ყოველთვის მარტონი არიან :დ:დ

იცი, დავიწყება არ არსებობს. არ შეიძლება ადამიანი ან ადამიანები გავიწყდებოდეს. არ შეიძლება კარგავდე იმათ, ვინც ძვირფასია შენთვის. არ შეიძლება ისინი მიდიოდნენ და შენ მათ გარეშე რჩებოდე. დავიწყება დროის მოგონილი თამაშია. თამაშს ჰყავს გამარჯვებულიც და დამარცხებულიც. მე არ დავმარცხდები, ჯონათან.

შენ თქვი, საზღვრები არ არსებობსო. მეც დავიჯერე და ახლა ვიცი, რომ მართლაც ასეა. სითბოს, სიყვარულს, ბედნიერებას, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა განიჭებს საზღვრებში ვერ მოაქცევ და ვერ გამოკეტავ. მე უკვე ვგრძნობ და ვიცი, რომ ჩემი თქვენდამი სიყვარული ურყევი და უსაზღვროა. უსაზღვრო, როგორც დრო და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გენიალურად იქნება.

***

–        დაინახე?

–        რა?

–        ვარსკვლავი ჩამოვარდა..

–        მერე?

–        სურვილი ჩაიფიქრე..

–        ჩაგიფიქრე..

იყო და არა იყო რა..

იყო და არა იყო რა–თი დაწყებული ცხოვრება ისე გამიფრინდა, ვერც კი ვიგრძენი. ვერც ვიგრძენი და ვერც მივხვდი როგორ შეიცვალა ირგვლივ ყველაფერი. ამ ყველაფრის ნაწილი ვარ მეც. ბასტი–ბუბუ დამთავრდა და მე ჯერ კიდევ მღვიძავს. თოჯინებიც რა ხანია უქმად განისვენებენ. პრინცესობაზე არასოდეს მიოცნებია, მაგრამ აღარც კეთილი ფერიების არსებობის მჯერა და აღარც იმის, რომ სადღაც, არარსებულ სამყაროში პიტერ პენი უფრთოდ დაფრინავს. ზღაპრების აღარ მჯერა და აღარც იმის, რომ ყველაფერი ბედნიერად სრულდება. იმედგაცრუებების სეზონი მაქვს და ყველაზე მტკივნეული ამ ეტაპზე ადამიანებით გამოწვეული იმედგაცრუებაა, იმის განცდა, რომ ვიღაც ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც მეგონა. ვგრძნობ, როგორ ვკარგავ რაღაც ისეთს, რაც არ მაქვს. ჰო, არ მაქვს და მაინც ვკარგავ. რადიკალური ცვლილებების მომხრე არასდროს ვყოფილვარ. საერთოდ ცვლილებების ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ ახლა მინდა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით შევცვალო. ირგვლივაც და საკუთარ თავშიც.

ურთიერთობები  რთულდება. იძაბება. იცვლება. იმაზე არასდროს მიფიქრია, რომ ჩემთან ერთად სხვებიც იზრდებიან. ყოველთვის მეგონა, რომ ყველაფერი ბოლომდე ისე დარჩებოდა, როგორც თავის დროზე იყო. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მე რა მეგონა.

წარსული აჩრდილივით უკან დამყვება. აწმყო ნერვებს მიშლის. მომავალი თვალხუჭობანას მეთამაშება. რთულია საკუთარი თავი ითამაშო და უფრო რთულია კარგად შეასრულო შენთვის განკუთვნილი როლი. რომ მითხარი, ყველას თუ დაანახე შენი მეობა, ის ყველა ერთ დღეს მოგიბრუნდება და შენი ადამიანობით ბოროტად ისარგებლებსო, მართალი ყოფილხარ. შენ ყოველთვის მართალი ხარ და მაშინაც არ შეცდი. ეს მე ვარ ცუდი მოსწავლე. მხოლოდ იდიოტებს სჯერათ, რომ ბოროტი არ არსებობს და მხოლოდ იდიოტები ფიქრობენ, რომ ყველას შეუძლია სიკეთის დანახვა. მე იდიოტი ვარ!

შიშველი ხელებით და ფართოდ გახელილი თვალებით გადავდივარ ახალ ეტაპზე. ფერად სათვალეებს საგულდაგულოდ ვმალავ და კარგა ხნით ვივიწყებ მათ არსებობას. მგონი დროა დასაწყისი დავიწყო. დროა გალურჯებული თითები მოვაშორო წარსულის ცივ მაჯას. დროა წინ წავიდე და ვიბრძოლო. ვიბრძოლო არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც. ყოველი ახალი დღე, ახალი შესაძლებლობაა. ახალი შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი ადამიანის გაბედნიერების საშუალებას მაძლევს. გაძლევს. გვაძლევს. დროა დავიწყო.

ნაწილებად დაშლილი სული თითქმის შევაწებე. თითქმის, რადგან გულს ერთი ნაწილი აკლია და ის ერთი ნაწილი ვერა და ვერ მიპოვნია. ოსტატურად დავაჯერე სხვები და საკუთარი თავიც, რომ უსიყვარულოდ სიცოცხლე შემიძლია. ახლა კი.. ახლა ყველაზე მეტად მინდა სიყვარულის არსებობის მჯეროდეს. 1+1=1

იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ვცხოვრობდი მე და ცხოვრობდი შენ. ჩვენ ვცხოვრობდით. ვიზრდებოდით, მაგრამ არ ვიცვლებოდით. იცვლებოდა დრო და გარემო. იცვლებოდა ურთიერთობები და კიდევ იცვლებოდა რაღაც. ჯერაც ვერ მივმხვდარვარ რა.. გგრძნობდი. გხედავდი და მწამდა. ახლა აღარაფერი აღარ მწამს და მტკივა. დიდია დედამიწა შენი გულივით და მეშინია…

ყველა ზღაპარს არა აქვს ბედნიერი დასასრული..

ჭირი იქა.. ფქვილი აქა..

მე გავიზარდე!

 

 

რაღაც.

საკინძეჩახსნილი ცა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალივით მომღიმარი მზე და ადამიანებით დავირუსებული დედამიწა. უსიცოცხლო სიცოცხლე და სიყვარულზე შეყვარებული სიკვდილი. არაფერი განსაკუთრებული და ყველაფერი არაფერში. არაფერზე ფიქრი. არაფერზე ოცნება. არაფრის მონატრება. არაფრის სიყვარული. არაფერშიც არაფერი. ხმაურიანი სიჩუმე და ჩუმი აყალმაყალი. მრავალფეროვანი ერთფეროვნება. და მრავლწერტილები. ან უბრალოდ წერტილი.

***

ოთახში შესულმა სიბნელე აანთო. სახიდან ზიზღით მოიშორა ძლიერი ადამიანის ნიღაბი და სითბოსფერი უბრალოება ჩაიცვა. ღია ფანჯრიდან ფერადი კენჭებით მოფენილი ცა დაინახა და სახეზე ღიმილის სუნი აუვიდა. ღრმად შეისუნთქა ღამის გრილი ჰაერი. ერთმანეთს ჩახუტებული მზე და მთვარე წარმოიდგინა და იწამა, რომ ოცნებები ხდება. ოცნებები. ცნებები. ნებები. ბები. ები. ბი. ი.. ხდება რა. ყოველთვის არარსებულს ეპოტინებოდა. ყოველთვის არარეალურზე ფიქრობდა და ოცნებობდა. თუმცა ის ყოველთვის ახლაც გრძელდება. არც მთლად ბავშვია და არც მთლად დიდი. სადღაც, გარდამავალ საფეხურზეა გაყინული და ვერც წინ მიდის და ვერც უკან. მიწისფერი თვალებით უყურებს ცხოვრებას და გრძნობს. არ იცის რას..

***

მომნატრებია.. მომნატრებია სითბო. მომნატრებია თბილ წვიმაში ბოდიალი. მომნატრებია ცისფერსხეულიანი ცა. მომნატრებია ლაპარაკი. მომნატრებია წერა. მომნატრებია სიცოცხლე. მომნატრებია სიცილი. მომნატრებია უმისამართოდ სიარული. მომნატრებია ჩახუტება. მომნატრებია „მიყვარხარ..“ მონატრება მომნატრებია.

წასვლა მინდა. გაფრენა. ფრი–ფრი–ფრი. მინდა დროში ფრენა. ტიკ–ტაკ–ტოკ. მინდა დაგანახო და მინდა დამინახო. მინდა გავხდე დიდი. იმდენად დიდი, რომ ყველასთან ჩახუტება შევძლო. მინდა ხმის დაკარგვამდე ვიყვირო.. აააააააეეეეეეეეეეეოოოოუუუუუ.. და მინდა გამიგონ. მინდა თვალებში ჩამხედონ და მითხრან, რომ ყველაფერი, სუყველაფერი ძალიანზე ძალიან კარგად იქნება.

ვიჯერებ იმას რისი დაჯერებაც მინდა. ტყუილსაც. ჰოდა, თქვენც დაიჯერეთ, რომ სულ მალე ჩემი მოლაპარკე ჟირაფი მომაკითხავს და მთვარეზე წამიყვანს ; ))

***

ისე, უკითხავად წასულები უკან არასოდეს ბრუნდებიან?!

არაფერი..

იცვლებიან ან მე მეჩვენება რომ იცვლებიან. ცივდებიან. უფერულდებიან. და მერე მიდიან. ვუყურებ რომ მიდიან და ვერაფერს ვაკეთებ. მიდიან. ქრებიან. იკარგებიან. და დიდ შავ ღრმულს ტოვებენ გულში. სამახსოვროდ.

ყველაფერი იბურდება. ერთმანეთში გადადის და იხლართება. ერთგან დაალაგებ სიტუაციას და მეორეგან ირევა. ყველაფერი ისე ხდება, როგორც არ უნდა ხდებოდეს და არაფერი ხდება ისე, როგორც აუცილებელია რომ მოხდეს. ყოველდღიურად რაღაცას ან ვიღაცას კარგავ და, საგიჟიდან გამოქცეულივით, მაინც ყურებამდე პირჩახეული დადიხარ (თუმცა ყველა გიჟი არ არის სიცილის ხასიათზე). როგორი მაგარი მოთამაშეც არ უნდა იყო, ვერც ტკივილებს დაემალები სადმე და, მით უმეტეს, ვერც ცხოვრებას. ბოლოს მაინც მოგაგნებენ და ასმაგად გაზღვევინებენ გაქცევისთვის. დამალვისთვის. უბრალოდ იმისთვის, რომ შეგეშინდა. შეგეშინდა განა თუ სხვისი, არამედ საკუთარი თავის.

ჯანმრთელობას რომ კარგავ, მერე ხვდები. აფასებ. ახარისხებ. რეალისტიც ხდები, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ყოველ დილით გულის ტკივილი რომ გაღვიძებს და ყოველ ღამე გულის ტკივილით რომ იძინებ, მარტო იმაზე ოცნებობ, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ყველაფერი. მალე. სწრაფად და უმტკივნეულოდ. ცრემლების გარეშე. მეერე. მერე ლაპარაკი რომ მოგინდება. ისეთი რა, უბრალო, ზედმეტი სიტყვების და ემოციების გარეშე, ირგვლივ ვერავის ნახავ. ყველა ხელიდან გამოგეცლება. ყველა გამოიკეტავს გულის, სულის და გონების კარებს. მაგრად ჩარაზავენ ფანჯრებს და არათუ შიგ შესვლის, შეჭვრიტინების საშუალებასაც არ მოგცემენ, მინაზე ცხვირმიჭყლეტილმა მეოცნებე თვალებით მაინც რომ დაათვალიერო მათი სამყარო. ყველას უქრება შენთან ლაპარაკის სურვილი, მხოლოდ იმიტომ რომ არაფერი აწუხებთ და იმ კონკრეტულ ეტაპზე არ სჭირდები. შენ რომ გჭირდებიან იმ ადამიანებს შენთვის არ სცალიათ და რჩები ისევ საკუთარი თავის ანაბარა. მარტოკინა ხდები და მორჩა.

რომ მიდიან და გტოვებენ, მხოლოდ საკუთარ ტკივილს გრძნობ. სხვისი არ გაინტერესებს. მაგრამ მერე, დროთა განმავლობაში, აზრზე რომ მოხვალ და დალაგდები, იმაზე იწყებ ფიქრს, ისინი რას და როგორ გრძნობენო. მერე ხვდები, რომ შეიძლება, იმ წასულს შენზე მეტად ეტკინა და შენზე მეტადაც იტანჯებოდა. მაგრამ რაღა დროსია.

როცა ლაპარაკობ და ხედავ, რომ არავინ გისმენს, შენც შენს ნაჭუჭში იკეტები. ან ცდილობ იმას მიეკედლო ვინც შენზე ძლიერია. არ გისმენენ, არა იმიტომ რომ არ აინტერესებთ, არამედ იმიტომ, რომ სინამდვილეში არც ლაპარაკობ. უბრალოდ სხეულს მიღმა ხმამაღლა ფიქრობ და გგონია, რომ ყველას ესმის. გინდა რომ ყველას ესმოდეს. მაგრამ ხომ გითხარი არაფერი ხდება ისე, როგორც გინდა რომ ხდებოდეს.

ერთმანეთში აზელილ სხეულებს, სახეებს და თვალებს უყურებ და გრძნობ, რომ სხეულითაც სხვაგან ხარ და სულითაც. იქ არ ხარ სადაც უნდა იყო. სადაც გინდა რომ იყო და სადაც გელოდებიან. გელოდებიან იმიტომ, რომ წამოსვლისას დაიბარე, აუცილებლად დავბრუნდებიო. ისე, ეს აუცილებლად მაინც არ გეთქვა. ახლა ძალაუნებურად იძულებულნი არიან ყოველდღე გზისკენ ჰქონდეთ ცალი თვალი. აქედან რომ წახვალ, არ თქვა, რომ დაბრუნდები. უბრალოდ ყველას დაემშვიდობე და წადი. უკანმოუხედავად. თუ მოგინდება გაიქეცი. ოღონდ უკან ნუ მოიხედავ. ხომ იცი წარსულისკენ ცქერამ როგორი მიჩვევა იცის.. ჰო, იცი.

რაღაცის გაურკვეველი იმედი და მოლოდინი რომ გაქვს დღეების, თვეების და წლების განმავლობაში. ყოველგვარი დაპირებების გარეშე, რომ ელი რაღაცას და მერე ის რაღაც, რომ არ მართლდება, იმედგაცრუებული მუშტებს რომ ურტყამ ისედაც დაჭრილ მიწას, რა გგონია, ვერ გრძნობს და არ ტკივა? შენზე მეტად ტკივა და შენზე მეტადაც წუხს, რადგან შენ წახვალ და ის დარჩება. ასე რომ, მოეშვი ვიშვიშს, წუწუნს და იდიოტობებს. წინ იარე და ვისაც მეგზურობის გაწევა მოუნდება, წინ წასულსაც გადასარევად დაგეწევა. წარსულმა არ გაგაბრუოს, აწმყოთი იცხოვრე, წამებს გაუფრთხილდი. წამებს და ადამიანებს და წინ წადი. წინ მომავალი გელოდება. ხელგაშლილი, თბილი ღიმილით.

***

აქ არ გაგვიმართლა. მომავალ ცხოვრებაში შევხვდებით..

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 91 other followers